წელწინდას ფერები ყოველთვის იქ მიფრინავენ, სადაც სინათლეა — და ხშირად ეს სინათლე თვითონ ადამიანებია.


ამჯერად ჩვენი სტუმარია ხატია ქულუა —
გოგონა, რომელიც არ უშინდება ფერებს, გამბედაობას და საკუთარი შინაგანი სამყაროს თამამად გამოხატვას.

ხატია იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც „Let Me Grow!“ წელწინდა შეიყვარა და შემდეგ საკუთარი სტილით სრულიად ახალი სიცოცხლე მისცა. მისი ლუქები არასდროს არის უბრალოდ ლუქები — ისინი მისი შინაგანი სამყაროს ხმაა, პატარა მანიფესტი თავისუფლების, თვითაღქმისა და იმ ფერადი ენერგიის, რომელსაც ყოველდღიურობაში ატარებს.

ქვეყანაში, სადაც შავი ბევრის საყვარელი ფერია, ხატია სწორედ იმ ადამიანებს ეკუთვნის, ვინც ფერებს საკუთარ თავში, საკუთარ ცხოვრებაში და თქვენს ეკრანებზეც აბრუნებს.

მოდით, დავიწყოთ!

ხატია, გამარჯობა! პირველად რამ მიგიზიდა წელწინდასკენ როგორც ბრენდისკენ?(რა იგრძენი, როდესაც დაათვალიერე ფერები, დიზაინები და გაეცანი ბრენდის კონტენტს პირველად?

-        კრეატიულობამ, ჩემთვის თქვენი ბრენდის კრეატიულობა  გამოიხატება  პროდუქტის ვიზუალის (ფერები, ნახატები) სწორად შერწყმაში იმ ისტორიასთან, რომელსაც თქვენი თითოეული მოდელი ატარებს. აღმაფრთოვანებელი იყო/არის იმის დანახვა, თუ როგორ არის სოციალური პრობლემები და დღევანდელი რეალობა გადმოცემული  ესთეტურად შერწყმულ ფერებთან კომბინაციაში. ამავდროულად, მადლიერებაც ვიგრძენი, როგორც რიგითმა ადამიანმა, რადგან ჩემთვის უზომოდ დასაფასებელია თქვენი შემოქმედება, პირველ რიგში როგორც სოციალური აქტივობა, რომელიც  გაძლევს ყველაზე მნიშვნელოვანს, გამბედაობას  რომ თვალი გავუსწოროთ ჩვენს ყოველდღიურობას. 

 

პირველი წელწინდა რომელიც შენ შეიძინე და არაჩვეულებრივად დაასთაილინგე იყო "Let me Grow!", როგორ აირეკლა კონკრეტულად ამ წელწინდას შინაარსი შენში? 

-        მმ, ცოტა ჟრუანტელმაც დამიარა გახსენებისას J არ იქნება გასაკვირი თუკი ვიტყვი, რომ ჩემს პირად ისტორიას და გამოცდილებას შეეხო წელწინდას ეს შინაარსი. ბავშვობაში მინდოდა მსახიობი ვყოფილიყავი და მშობლები წინააღმდეგი იყვნენ( მე იმ თაობის გავლენის ქვეშ გავიზარდე, რომელთათვისაც სასურველი პროფესია მასწავლებლობა და ექიმობა იყო J) მართალია, არც ექიმი ვარ და არც მასწავლებელი , მაგრამ ბავშვობის ეს აუსრულებელი (ჯერჯერობით) სურვილი დღემდე სინანულად მომყვება. სწორედ ამ სამწუხარო გამოცდილებამ მომცა იმის მოტივაცია, რომ ცხოვრების სხვა ეტაპზე მაინც გამეკეთებინა  „საკუთარი არჩევანი“ და დღეს იქ ვარ და იმ სფეროში სადაც შეგნებულად და გააზრებულად მინდა რომ ვიყო.

წელწინდას ამ შინაარსის ტარებისას თითქოს პროტესტს ვუცხადებ იმას, რაც იყო და გამოვხატავ ღიად ჩემს ამჟამინდელ არჩევანს, რომ - მე ყოველთვის შემიძლია ვიყო ის, ვინც მენდომება რომ ვიყო და მასხენებს, რომ ჩემი ცხოვრება მხოლოდ ჩემი არჩევანია.

  

ფერების ბევრს ეშინია, რასაც შენზე ვერ ვიტყვით, უშიშარი ხარ ფერების შერჩევისას. რას ნიშნავს ფერები შენთვის პირადად და რამდენადაა შენთვის თვითგამოხატვის საშუალება ფერებით თამაში?

-        ფერები არის საუკეთესო თვითგამოხატვის საშუალება ჩემთვის. შეიძლება ითქვას ყველაზე კომფორტული გზაც კი. ფერები მაძლევს შინაგანი სამყაროს გამოხატვის და საკუთარ პიროვნებასთან ახლოს ყოფნის საშუალებას. შეიძლება განწყობა რაიმემ შემიცვალოს, მაგრამ როცა ფერად ხატიას დავინახავ სარკეში ჩემთვის შეხსენებასავითაა, რომ აუცილებლად ვიმსახურებ კარგად ყოფნას, რადგან ჩემი შინაგანი სამყარო ისეთივე ფერადია როგორც გამოვიყურები.

როგორ გამოხატავ შენს შინაგან სინათლეს სამოსით?(რა გეხმარება, რომ ყველაზე მეტად იგრძნო საკუთარი თავი?)

-        პირველ რიგში ეს იწყება საკუთარი თავის  აღქმით და შეფასებით თუ ვინ ვარ და როგორი ვარ მე. მე ვიცი, რომ მხიარული, ფერადი და საინტერესო ადამიანი ვარ. შესაბამისად, ავტომატურად ჩემი გონებაც მომართულია იმისკენ, რომ სხვებმაც ასეთივე  გამიცნონ . ვფიქრობ, სამოსი ყველაზე მეტად გვეხმარება თვითგამოხატვაში. მგონია, რომ რეალურად, ჩვენ ყველანი ისე ვიმოსებით როგორადაც ჩვენ აღვიქვამთ საკუთარ თავს. 

მოგვიყევი შენი პროფესიის შესახებ, რას საქმიანობ და რამდენად მოქმედებს შენი სამსახური შენს სტილზე?

-        მე ვარ ადამიანური რესურსების მართვის მენჯერი ( HR). ვერ ვიტყვი, რომ რაიმე სახის შეზღუდვა  არსებობს ჩემს საქმიანობაში სტილთან დაკავშირებით, თუმცა მაინც ყველა სფეროში მნიშვნელოვანია, რომ ჩაცმის სტილი არ იყოს შეუსაბამო სამუშაო გარემოსთან. ამ შემთხვევაშიც ვცდილობ, ხოლმე რომ ჩემი ხასიათი და პიროვნება არ დაიკარგოს და ჩემი ეს მხარე სამსახურშიც  გამოკვეთილია. ვფიქრობ, არცერთ გარემოში არ უნდა ვიყოთ ბოლომდე შეზღუდულები თვითგამოხატვისგან.

ვინ ხარ სამსახურის იქით- რა არის შენი ვნება (passion), კრეატივის წყარო, ენერგიის მომცემი საქმიანობა?

-        ძალიან სოციალური ადამიანი ვარ, ენეგრიას ვიღებ ადამიანებისგან, მათთან ურთიერთობებისგან, საუბრისგან, ჩახუტებისგან. მიყვარს ცხოველებთან და ბუნებასთან ახლოს ყოფნა და საკუთარ თავთან საუბრისც. როცა ამ ყველაფრით ვივსები და თუკი თავისუფალი დროც მაქვს, მიჩნდება ხატვის სურვილი. ჩემთვის ვხატავ ხოლმე ბევრი და მკვეთრი ფერების კომბინაციით J))  

წელწინდა რამდენად პრაქტიკულია შენი ყოველდღიური საოფისე სამსახურისთვის და როგორ ასთაილინგებ მათ სამუშაო აუთფიტში?

-        ჩემთვის საკმაოდ პრაქტიკულია და კომფორტული სატარებლად, ამიტომ  ხშირადაც ვიყენებ სამსახურში. წელწინდას დიზაინი ჩემთვის უხდება როგორც კლასიკურ, ისე ყოველდღიურ სტილს. სამსახურში როცა ვიყენებ, ვცდილობ ბალანსი დავიჭირო და გამოვიყენო ფერებით ნაკლებად გადატვირთულ ან ერთინაირი ტონალობის სამოსთან. 

საქართველო არის ქვეყანა, სადაც საყვარელი ფერი უმრავლესობისთვის არის შავი. ასეთი ფერადი რომ ხარ ეს გაძლევს რისკზე წასვლის შეგრძნებას თუ უფრო შთამაგონებელია შენთვის?

-        სწორედ უმრავლესობასთან კონტრასტი მარწმუნებს იმაში, რომ მე ვგავარ ჩემს თავს და ისეთი ვარ როგორც უბრალოდ ვარ და არავისგან და არაფრისგან ნაკარნახევი არ ვარ.  

რა ხდება ხოლმე შენთვის ინსპირაციის წყარო ასეთი თამამი და ექსპრესიული ფერადი ლუქის შერჩევისას?

-        ყოველთვის დარწმუნებული ვარ, რომ როგორც არ უნდა გამოვიყურებოდე და როგორც არ უნდა განვსხვავდებოდე სტილით სხვებისგან, ეს სხვებში გაღიზიანებას არასდროს გამოიწყვევს, რადგან ის, როგორც გამოვიყურები არის ორგანული და ჩემი პიროვნების ნაწილი. სხვა ადმიანებიც ამას ხედავენ და გრძნობენ. ბევრჯერ მომისმენია ჩემი მისამართით ფრაზები „ შენ რაც არ უნდა ჩაიცვა გიხდება“, „ შენ გიხდება და აბა მე რომ ჩამაცვა....“ , „ აი შენზე ეს მომწონს და სხვაზე რომ მენახა ალბათ არ მომეწონებოდა“ , „ აი ხომ უცნაური რაღაცები გაცვია, მაგრამ შენ გიხდება და რა ვქნა“, „შენ მოგიხდება“ .....  

წელწინდა რომ ადამიანი იყოს როგორი იქნებოდა (შინაგანად და გარედან)?

-         წელწინდა არის ღრმა და გამოცდილებით სავსე ადამიანივით, რომელსაც შეუძლია მარტივად დაგიმეგობრდეს, შენთვის ნაცნობი ისტორია გაგახსენოს, თავი მოგაწონოს,  დაგაფიქროს,  მოტივაცია მოგცეს და უბრალოდ შენი ემოციების კარგად ესმოდეს და ამ დროს ამაყობდეს იმით ვინც და როგორიც ხარ. გარეგნულად თავდაჯერებული და ლაღი ქალბატონია, რომელსაც მიუხედავად სირთულეებისა თვალები ყოველთვის უბრწყინავს და მისი ეს სიკაშკაშე გარშემო ყველასთვის გადამდებია. 

რას ეტყოდი მათ, ვისაც სურს მეტად ფერადად ჩაიცვას თუმცა რაიმე მიზეზის გამო თავს იკავებს?

-        ყველაზე ლამაზი დასანახი საკუთარ თავთან გულწრფელობაა. მგონია, რომ ყველასთვის სასურველი და საინტერესო სწორედ მაშინ ვართ, როცა საკუთარ თავს ვუსმენთ, როცა ისე გვაცვია და ვიქცევით, როგორც ჩვენგან არის ნაკარნახევი. ფერებს შეუძლია განწყობის უკეთესობისკენ შეცვლა, უბრალოდ შანსი უნდა მისცეთ <3

Previous